თეგი: გიორგი გობრონიძე

სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ე.წ. ბებერი ევროპის აღქმა განსხვავებულია და ეს უნდა გავიაზროთ - გიორგი გობრონიძე

ანალიზი სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ე.წ. ბებერი ევროპის, კონტინენტური ევროპის აღქმა განსხვავებულია   ევროკავშირის ახალგაზრდა წევრ სახელმწიფოებს შორის, ჩვენ მიმართ სოლიდარობა უფრო მეტია და ეს კაპიტალი უნდა გამოვიყენოთ   Europetime-თან ინტერვიუში, საერთაშორისო უსაფრთხოების მკვლევარი გიორგი გობრონიძე განიხილავს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას, რომ ევროკავშირს არ შეუძლია, მოლდოვა და უკრაინა ერთმანეთისგან გამიჯნოს. საქართველო გეოპოლიტიკურად განსხვავებულ ადგილზეა. რას ნიშნავდა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე, საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება იმ დროს, როდესაც საქართველო დასავლური ინტეგრაციის საკითხს შავი ზღვის რეგიონის, აღმოსავლეთ ევროპის გეოპოლიტიკის კონტექსტში განიხილავს? საერთაშორისო უსაფრთხოების მკვლევარი, საგარეო საკითხებში ექსპერტი, გიორგი გობრონიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტი პირველ რიგში, გეოპოლიტიკური მოცემულობიდან გამოვიდა და არა გეოგრაფიული. სპეციალისტი განმარტავს, რომ ეს ორი განსხვავებული ცნებაა ერთმანეთისგან. „გეოპოლიტიკა გულისხმობს პოლიტიკას, რომელიც ტარდება გარკვეულ გეოგრაფიულ არენაზე, როდესაც შეგიძლია თქვა - აქ არის სხვა გეოპოლიტიკური მოცემულობა, იქ - სხვა. რა თქმა უნდა, მათი გადმოსახედიდან, დემოკრატიული რეფორმები, როგორც კრიტერიუმი საქართველოსთვის, დღის წესრიგშია. გავიხსენოთ, ჯერ იყო საკმაოდ კრიტიკული რეზოლუცია, ამის შემდეგ, ევროკომისიის დასკვნაში ამ რეზოლუციის რეფლექსიას ვხედავთ და პრაქტიკულად, ეს რეზოლუცია ევროკომისიის დოკუმენტში აირეკლა. ამ ყველაფერს, საფრანგეთის დასაბუთებაში დაემატა გეოპოლიტიკური მოცემულობა. რა თქმა უნდა, მიზეზების ძებნაც იქნება, მოდით, ასე შევხედოთ - იგივე საფრანგეთი თუ გერმანია, სამხრეთ კავკასიის არეალს მათი ბუნებრივი ინტერესების კონტექსტში არ განიხილავს. შესაბამისად,  რა არის აქ  მთავარი გამოწვევა - უნდა გავიაზროთ, როგორია ჩვენ მიმართ ევროპისეული აღქმა და მეორე, როგორია, ევროპისეული აღქმის მიღმა ის პრობლემები, რომელთა წინაშე ჩვენი ქვეყანა დგას, რადგან ჩვენ სამწუხაროდ, გაცილებით მეტი ძალისხმევა გვჭირდება, ვიდრე იგივე მოლდოვას, რომ გარკვეულ შედეგებს მიაღწიოს. თუნდაც, გავითვალისწინოთ მოცემულობა, რომ პრაქტიკულად, დღის წესრიგიდან არ გამქრალა რუმინეთთან მოლდოვის ინტეგრაციის საკითხი და შესაბამისად, ჩვენ, თვისობრივად განსხვავებულ მოცემულობაში ვართ. აქედან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ ჩვენი საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგი იმ მოცემულობას მოერგება, რომელშიც ახლა ვართ“, - მიიჩნევს საერთაშორისო უსაფრთხოების მკვლევარი. საგარეო საკითხებზე მომუშავე ექსპერტის აზრით, უნდა გავიაზროთ, რომ ზოგადად, სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ე.წ. ბებერი ევროპის, კონტინენტური ევროპის აღქმა მცირედით განსხვავებულია. „ისინი ჩვენ არც განგვიხილავენ „როგორც პოლიტიკურ, ისე გეოგრაფიულ ევროპად“ და მეორე - საუბარი იყო მაკრონის მხრიდან, არა გეოგრაფიულ მოცემულობაზე, რომ საქართველო არ არის ევროკავშირში, არამედ, განსხვავებულ გეოპოლიტიკურ მოცემულობაზე, რომელიც იმავდროულად, ერთობლივ ჭრილში სომხეთთან და აზერბაიჯანთან განიხილება. გარკვეულწილად,  საუბარია, რომ დიახ, არის სამი ქვეყანა, რომლებსაც აქვთ განსხვავებული ვექტორები, შესაბამისად, ეს ქმნის სხვა გეოპოლიტიკურ მოცემულობას, რომელშიც მაგალითად, დღეს არ არიან უკრაინა და მოლდოვა. უკრაინა არის პირდაპირი რუსული აგრესიის მსხვერპლი და მოლდოვის მიმართ რისკებს ევროკავშირი უფრო  მეტად აფასებს, ვიდრე - საქართველოსთან დაკავშირებულს. საფრანგეთის პრეზიდენტმა იმაზე გაამახვილა ყურადღება, რომ ეს ქვეყნები არიან უსაფრთხოების ერთი დღის წესრიგის ნაწილი, ჩვენ ვართ მეტწილად, განსხვავებული უსაფრთხოების დღის წესრიგის ნაწილი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გარკვეული დათმობებია ევროკომისიის რეკომენდაციებში უკრაინისა და მოლდოვის მიმართ. ჩვენ შემოგვთავაზეს განსხვავებული პირობები - ვიდრე მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, უნდა დავაკმაყოფილოთ გარკვეული მოთხოვნები, იქნება ეს პოლიტიკური პოლარიზაცია, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, სასამართლო რეფორმა, მედიის თავისუფლება, დემოკრატიული რეფორმები, ადამიანის უფლებები და ასე შემდეგ - ჩამოგვითვალეს, რა პრობლემებიც გვაქვს. უკრაინას აპატიებენ მის პრობლემას, რადგან იქ 200 000 რუსი სამხედროა შეჭრილი, შეიძლება, ინსტიტუციურად წინ ვიყოთ უკრაინაზე, მაგრამ უკრაინა დღეს ომის მსხვერპლია და არ შეიძლება, დღეს მათ შევედაროთ. უკრინას ევროკავშირი სხვა დონეზე უჭერს მხარს, უკრაინა არის ევროკავშირის მოსაზღვრე სახელმწიფო. ევროპა არ არის ჩვენ მიმართ იმდაგვარად მგრძნობიარე, როგორც უკრაინის და მოლდოვის მიმართ, რადგან ერთი სივრცეა, ერთი რეგიონი, მოსაზღვრე ქვეყნები არიან. ჩვენ ვართ რეგიონულად დაშორებული და წარმოვადგენთ სხვა მოცემულობას. ჩვენ არ ვართ ფრონტისპირა რეგიონი, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენმა დიპლომატიამ დღის წესრიგიდან გარკვეულწიდან მოხსნა საკითხი იმის შესახებ, რომ საქართველოშიც არის ოკუპირებული ტერიტორიები და სამი საერთაშორისოდ აღიარებული ეთნიკური წმენდა განხორციელდა ქართველების წინააღმდეგ და დღეს, ყოველდღიურ რეჟიმში აპარტეიდის რეჟიმში მუშაობენ ქართველები ოკუპირებულ რეგიონებში. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ იცვლება აღქმები“, - თვლის გიორგი გობრონიძე. აისახება თუ არა საფრანგეთისეული ხედვა მთლიანად ევროპაზე. ექსპერტი დარწმუნებულია, რომ სოლიდარობის მომენტი ევროკავშირის ახალგაზრდა წევრ სახელმწიფოებს შორის ყოფილი სოციალისტური ბანაკიდან, უფრო მეტია ჩვენ მიმართ, კონტინეტური დასავლეთ ევროპის დიდ ნაწილზე კი, ეს აღქმა გავრცელდება. „მთლიანად ევროპაზე არა, თუმცა კონტინეტური დასავლეთ ევროპის დიდ ნაწილზე აისახება ეს აღქმა. ასეთია აღქმა გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში  - კიდევ შეიძლება, ნეიტრალურია. პორტუგალიაში  - კიდევ უფრო ნეიტრალური. აღმოსავლეთ რეგიონში, როგორიცაა, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები, სხვანაირად ხედავენ ამ პროცესს გამომდინარე იქედან, რომ მათ საკუთარ თავზე აქვთ გამოცდილი რუსულ აგრესია, რუსული საფრთხეები და სოლიდარობის მომენტი ევროკავშირის ახალგაზრდა წევრ სახელმწიფოებს შორის ყოფილი სოციალისტური ბანაკიდან, უფრო მეტია ჩვენ მიმართ და ეს არის ის კაპიტალი, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ“, - განუცხადა Europetime-ს საერთაშორისო უსაფრთხოების მკვლევარმა.  ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია ისეთი საზოგადოება, რომელიც კომპრომისებსა და კონსენსუსს ეძებს. სხვანაირი საზოგადოება მათ აშინებთ - კახა გოგოლაშვილი ევროკომისიის რეკომენდაცია: უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე 16 ივნისი. ემანუელ მაკრონის შეფასება „ევროკავშირმა „მკაფიო და პოზიტიური სიგნალი“ უნდა გაუგზავნოს უკრაინასა და მოლდოვას, გადაწყვეტილების მიღებამდე, მიანიჭონ თუ არა მათ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ჩვენ უნდა დავამყაროთ ერთსულოვნება ევროკავშირის წევრებს შორის. ვფიქრობ, რომ არ შეგვიძლია, მოლდოვა უკრაინისგან გავმიჯნოთ იმ პერსპექტივების თვალსაზრისით, რასაც ჩვენ მათ ვაძლევთ“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა მოლდოველ კოლეგა მაია სანდუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. ემანუელ მაკრონის განცხადებით, საქართველო ასევე იქნება მოლაპარაკებების მაგიდაზე, როგორც პოტენციური კანდიდატი ქვეყანა, რომელიც „გეოპოლიტიკურად განსხვავებულ მდგომარეობაშია“.  „არსებობს კატეგორია ქვეყნებისა, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის შემადგენლობაში შედიან და რომელთა უსაფრთხოება, გეოპოლიტიკური სიტუაცია განსხვავებულია. „საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი ძალიან ახლო მეგობარი ქვეყნები არიან, მაგრამ გეოპოლიტიკურად და გეოგრაფიულად თუ დავაკვირდებით, ისინი დღეს იმავე მდგომარეობაში არ იმყოფებიან“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ვითარება აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე - სავარაუდო სცენარი და ორი ამოცანა საქართველოსთვის - ანალიზი

აზერბაიჯანმა შესაძლოა: 1) აიძულოს სომხეთი, ზანგეზურის დერეფნის გახსნაზე აზერბაიჯანის პირობებით წავიდეს. შეეცადოს, დაამყაროს კონტროლი სუნიკის რეგიონზე და ამგვარად უზრუნველყოს პირდაპირი სახმელეთო კავშირი თავის მთავარ მოკავშირესთან - თურქეთთან საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების მკვლევარი, გიორგი გობრონიძე Europetime-თან საუბრობს რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე, „რამაც წაახალისა ის სამხედრო მოქმედებები, რომლებიც აზერბაიჯანმა სომხეთის წინააღმდეგ დაიწყო“. ექსპერტის აზრით, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის შემდეგი: რუსეთის მარცხმა უკრაინაში და წარუმატებლობამ ფრონტის ხაზზე, მნიშვნელოვანი უსაფრთხოების ვაკუუმი შექმნა. „რუსული საგარეო პოლიტიკის მთელი იდეა სამწუხაროდ, დაყვანილი იყო ძალის პრიმატამდე იმ რეგიონებში, რომლებსაც რუსეთი განიხილავდა საკუთარი ექსკლუზიური გავლენის სფეროებად. შესაბამისად, იქნება ეს სამხრეთ კავკასია თუ ნებისმიერ სხვა რეგიონი, განსაკუთრებით, პოსტ საბჭოთა სივრცეს ვგულისხმობ, მთლიანობაში, რუსეთი ამ რეგიონში საკუთარ პოლიტიკას ძირითადად, მაინც, სამხედრო ყოფნის გადმოსახედიდან ატარებდა. დღეს რუსეთს უწევს საკუთარი ძალების გადასროლა უშუალოდ, ფრონტის მიმართულებით და უკრაინის წინააღმდეგ, შესაბამისად, გვაქვს მოცემულობა, რომ რუსეთს უბრალოდ, ფიზიკურად აღარ შესწევს საიმისო ძალა, რომ საკუთარი ინტერესი დაიცვას იგივე ფორმით, რა ფორმითაც აქამდე იცავდა. „რებიატა, დავაიწე, ჟიტ დრუჟნა" - ამ ტიპის განცხადებით შემოიფარგლა რუსეთი, რითაც კიდევ ერთხელ აჩვენა ის, თუ რა ღირს რუსეთის „მეგობრობა და რუსეთის მეკავშირეობა“. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სადავო საკითხი, დიპლომატიური გზით უნდა მოგვარდეს - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველთვის უხეში ძალით ამყარებდა კონტროლს, ის ქმნიდა მართვად კრიზისებს და პრობლემა იმაშია, რომ დღეს ეს კრიზისი, რომელიც რუსეთისთვის მართვადი იყო 1994 წლიდან მოყოლებული, გამოდის თანდათან რუსული კონტროლიდან; იცვლება მოცემულობა რუსეთის გარშემო. რუსეთმა აბსოლუტურად გაუაზრებელი ნაბიჯები გადადგა ჯერ უკრაინაში, შედეგი უკვე სახეზეა. რუსეთს უბრალოდ არ შესწევს ძალა, სომხეთსა და აზერბაიჯანს ვითარების განსამუხტად, რაღაც ქმედითი შესთავაზოს. ფაქტია, რომ აზერბაიჯანი მას აღარ უსმენს, იგივე ლაჩინის კორიდორის დაკავება რომ გავიხსენოთ  - ცხვირწინ ჩაუყენა აზერბაიჯანმა საკუთარინ სამხედრო დანაყოფები რუსულ არმიას. აზერბაიჯანს გაუჩნდა განცდა, რომ მოსკოვი ვერ შეძლებს, დაეხმაროს თავის სტრატეგიულ მოკავშირეს - სომხეთს. ასევე - რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა გარკვეულწილად, ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, აზერბაიჯანის მნიშვნელობა დიდწილად გაზარდა დასავლეთისთვის. ამას ემატება ცენტრალური აზიის რეგიონი, სადაც აზერბაიჯანი საქართველოსთან ერთად განიხილება, როგორც ერთ-ერთი ალტერნატიული გზა ენერგორესურსების ტრანსპორტირებისთვის.  აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანს ექნება იმის განცდა, რომ დასავლეთი შედარებით პასიურ პოზიციას დაიკავებს და გარკვეულწილად, „ღრმა შეშფოთებითა“ და მსგავსი განცხადედებით შემოიფარგლება, რომლებიც არაერთხელ მოგვისმენია ასეთ დროს“, - მიიჩნევს საგარეო საკითხების ექსპერტი. მისივე აზრით, ОДКБ-ს (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) წევრი სახელმწიფოები, როგორიც არის მაგალითად, „ყაზახეთი, აზერბაიჯანის წინააღმდეგ აქტიური ზომების მიღებისგან თავს შეიკავებს და შესაბამისად, სომხეთი იმაზე უფრო დიდ იზოლაციაში იქნება მოქცეული, ვიდრე წარმოუდგენია“. „ამრიგად, აზერბაიჯანი ცდილობს, სომხეთს საუკეთესო შეთხვევაში საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი მოახვიოს თავს. და, უარეს შემთხვევაში შეგვიძლია, ვთქვათ, რომ აზერბაიჯანი არც იმისგან დაიხევს უკან, რომ მთლიანობაში, სომხეთის სამხრეთ რეგიონის ოკუპირება მოახდინოს. შესაძლოა, ესეც განიხილებოდეს ერთ-ერთ სცენარად, რადგან ჯერჯერობით, საკუთარი პოლიტიკური მიზნების შესახებ აზერბაიჯანულ მხარეს მკაფიოდ არ განუცხადებია. ამიტომ, უნდა ვივარაუდოთ 1) აიძულოს სომხეთი, წავიდეს აზერბაიჯანის პირობებით, ზანგეზურის დერეფნის გახსნაზე. 2) შესაძლოა, თავად შეეცადოს, დაამყაროს კონტროლი სუნიკის რეგიონზე და ამგვარად უზრუნველყოს პირდაპირი სახმელეთო კავშირი თავის მთავარ მოკავშირესთან - თურქეთთან“, - აღნიშნავს გიორგი გობრონიძე.  ჩავუშოღლუ: ანკარა ერევანს პროვოკაციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების მკვლევარი Europetime-ს თურქეთის როლზეც ესაუბრა. გიორგი გობრონიძე ხაზს უსვამს თურქეთის, როგორც ყველაზე ძლიერი აქტორის ფუნქციას სამხრეთ კავკასიაში. „ამ ეტაპზე თურქეთს შუძლია, აზერბაიჯანს დაეხმაროს აღჭურვილობით იარაღით, ცოცხალი ძალით და ექსპერტიზით. თურქეთი ისევე არის ამ ყველაფერში დაინტერესებული, როგორც აზერბაიჯანი, (უნდა ითქვას, რომ მათ წლების განმავლობაში გააძლიერეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი). ჩვენ ვნახეთ კიდეც, ოპერაციის მსვლელობისას უშუალოდ, თურქული საჰაერო ძალების უპილოტო საფრენი აპარატები ახორციელებდნენ სომხეთის საჰაერო სივრცეში დაზვერვას, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ თურქეთი აზერბაიჯანს უკვე ეხმარება“.   საქართველოსთან დაკავშირებით საუბრისას, გიორგი გობრონიძე აღნიშნავს, რომ მორიგ დიპლომატიურ ბეწვის ხიდზე გვიწევს გავლა. „საქართველოსთვის სუფთა საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს დაპირისპირება ჩვენს ინტერესში არ შედის. ირაკლი ღარიბაშვილმა, სომეხ კოლეგასთან საუბარში კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, ჩაერთოს მედიაციის პროცესში მიუხედავად აზერბაიჯანთან და თურქეთთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობისა, თუ ეს კონფლიქტი ფართომასშტაბიან სახეს მიიღებს და საბოლოო ჯამში, დასრულდება სომხეთის სახელმწიფოს დასუსტებით, კავკასიის რეგიონში ძალთა ბალანსს შეცვლის იმდაგვარად, რომ მთლიანობაში, გადავიქცევით დაქვემდებარებულ პარტნიორად, შეიძლება ითქვას, ორი თურქული სახელმწიფოს წინაშე. ისინი ხდებიან წამყვანი პარტნიორები. ჩვენ - რეაქციული აქტორი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მიიღებს იმ მოცემულობას, რასაც მას თავიანთი პარტნიორები შესთავაზებენ. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანია არამხოლოდ მშვიდობა რეგიონში, არამედ, ძალის პარიტეტის შენარჩუნება იგივე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, იმიტომ, რომ საუკეთესო სცენარი სამწუხაროდ, ჩვენთვის არ გამოდის.  საუკეთესო სცენარი იქნებოდა იმგვარი პარტნიორობა, როგორიც აქვთ მაგალითად, ბალტიისპირეთის სახელმწიფოებს, მაგრამ ეს მიუღწეველია ამ ისტორიული მოცემულობიდან გამომდინარე, შესაბამისად, გვიწევს იმის მოლოდინი, რომ ვითარება განიმუხტება და არ მოხდება შემდგომი ესკალაცია. გარდა ძალის პარიტეტის შენარჩუნებისა, საქართველოს მეორე მნიშვნელოვანი ამოცანა აქვს - თუ ჩვენ სომხეთს განვიხილავთ რუსული ორბიტის ნაწილად, ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, სომხეთი ამ ორბიტას ჩამოშორდეს; მოხდეს მისი დეიზოლაცია და დაიწყოს მისი დაახლოება დასავლეთთან, დემოკრატიზაცია, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ ეს შევძლოთ, და, ჩვენი როლი და ფუნქციაა, რომ სომხეთს დავეხმაროთ, ჩვენ თვითონ უნდა გვქონდეს დასავლეთთან იმგვარი ურთიერთობა, რომ სომხეთსა და დასავლეთს შორის შუამავლად გამოვდგეთ. ჩვენ ამ ეტაპზე ასეთ შუამავლად ვერ გამოვდგებით, რადგან მოვახერხეთ და ყველაზე მნიშვნელოვან დროს, დასავლეთთან უაზრო დისკუსიასა და კამათში შევედით, დავიწყეთ საუბარი იმაზე, რომ თითქოს, ვიღაცები საბრძოლო მოქმედებებში ჩართვას გვთხოვენ. ჩვენთვის ახლა მთავარია, რომ შევძლოთ და რაიმე ფორმით მოხდეს მშვიდობის შენარჩუნება და ამისკენ მივმართოთ ძალისხმევა, თუკი შეგვიძლია. მეორე - ვიმუშაოთ გრძელვადიანად სომხეთთან, რომ მოხდეს ამ სახელმწიფოს დეიზოლაცია იმ თვალსაზრისით, რომ რაც უფრო მეტად დაუახლოვდება სომხეთი დანარჩენ სამყაროს, მით უფრო მეტად შემცირდება მისი დამოკიდებულება და „ჩამოკიდება“ რუსეთის ფედერაციაზე. შესაბამისად, ჩვენს სამხრეთით, რუსული ორბიტა იქნება შესუსტებული“, - აღნიშნავს გიორგი გობრონიძე.  ცნობისთვის, აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე ინტენსიური შეტაკებები 12 სექტემბერს, გვიან ღამით დაიწყო. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 13 სექტემბერს განაცხადა, რომ შეშფოთებულია იმის გამო, რომ უკრაინიდან ყურადღების გადატანის მიზნით, რუსეთი შესაძლოა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის განზრახ გაღვივებას ცდილობდეს. ენტონი ბლინკენი სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს ენტონი ბლინკენის შეფასებით, რუსეთს შეუძლია, რეგიონში თავისი გავლენა გამოიყენოს და მშვიდობის აღდგენას შეუწყოს ხელი. უფრო ადრე, სომხეთის პრემიერისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სატელეფონო საუბრის ამსახველ ინფორმაციაში, სომხური მხარე აღნიშნავდა, რომ შარლ მიშელმა მზადყოფნა გამოთქვა,  ძალისხმევა გამოიჩინოს შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.